logo
ENG



"ასამდე პირი მირტყამდა და პოლიციელი არ გამოჩენილა" - რას ყვება ფორმულას ნაცემი ჟურნალისტი

05 ივლ 202114:47
3 წუთის საკითხავი
 
ინტერპრესნიუსი

ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას ძალადობრივ აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ. 

ის პარლამენტის კიბეებზე განლაგებულ სასულიერო პირებთან მივიდა, სადაც ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი, იოანე გამრეკელიც იდგა. წვერავას სწორედ მისთვის სურდა კითხვის დასმა, როცა მას ხელი ჰკრეს და სცემეს.

რატი წვერავა ყვება: 

"დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა ინციდენტი და ამ დრომდე არ გამოჩენილა სასწრაფო დახმარება. სავარაუდოდ, მაქვს ტვინის შერყევა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება. 

200 მეტრზე მათრიეს. ასამდე ადამიანი მირტყამდა ისე, რომ არც ერთი პოლიციელი არ გამოჩენილა, რომელიც გადამეფარებოდა. ქაშვეთის ეკლესიასთან ჩასასველში ერთადერთი პოლიციელი გამოჩნდა, მაგრამ ის უძლური იყო. ბრბო მირტყამდა, არ აინტერესებდა, ჟურნალისტი ვიყავი თუ არა. სასულიერო პირები და აქციის ორგანიზატორები. პერანგი მეცვა და შემომახიეს. მირტყამდნენ. თავი დახრილი მქონდა და ვიგუდებოდი, ვითხოვდი, იქნებ ვინმე დამეხმაროს-მეთქი და არავინ დამეხმარა. უბრალოდ უნდოდათ, მოვეკალი. სიტყვიერად და ფიზიკურად ხომ გვიპირისპირდებოდნენ, ერთი ნაბიჯია, რომ ამ ადამიანებმა მოგკლან.

მეუფე იოანე გამრეკელისთვის კითხვა უნდა დამესვა, რატომ იყო მოსული და მოსწონდა თუ არა ის, რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს უნდა მეკითხა სასულიერო პირისთვის, რომელიც მოგვიწოდებს, რომ უნდა ვიყოთ მშვიდობიანები. და თავად იოანე გამრეკელი ხედავდა, როგორ გამიყვანეს და დამიწყეს ცემა". - ამბობს ჟურნალისტი. 

დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდება.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, მსვლელობა დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაწყებულიყო. 

თუმცა, რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო თბილისი პრაიდმა ღირსების მარში გადადი. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. 

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და არ აღკვეთა ძალადობა. 

შედეგად, დაშავდა ათობით ჟურნალისტი. თუმცა, არავინ დაუკავებიათ. 

თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია.

მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 


close დახურვა